ელექტრონული მოწმობების წინააღმდეგ
მორწმუნეებმა 7000-მდე ხელმოწერა შეაგროვეს

19 ივნისი, 2011 წ.


     დღეს თბილისში, ხელოვნების მუზეუმის წინ არსებულ სამლოცველოში, ანჩისხატისა და სიწმიდეების წინაშე, ელექტრონული მოწმობების იძულებისგან დასახსნელად სავედრებელი ლოცვა ჩატარდა.

     ამ საკითხზე მრევლში გროვდება ხელმოწერები, რომლითაც ისინი ითხოვენ კვლავ გაიცეს ძველი მოწმობები, ხოლო ახალი ელექტრონული მოწმობების აღება იყოს ნებაყოფლობითი; გარდა ამისა, სახელმწიფოში შენარჩუნდეს ფულადი ერთეულით გადახდა. როგორც ,,მედიანიუსს” `ელექტრონული საბუთების განსახილველი კომისიის წევრმა, მრევლის წარმომადგენელმა ზაზა ნანობაშვილმა განუცხადა, მორწმუნეებმა თბილისის სხვადასხვა ეკლესიაში უკვე შეაგრვეს 7000-მდე ხელმოწერა, რომელიც მთავრობასთან შუამდგომლობისთვის გადაეცემა საპატრიარქოს - მორწმუნეთა უფლებების დასაცავად. ,,თუკი მართლმადიდებელთა სამართლიანი თხოვნა არ იქნება დაკმაყოფილებული, ხელმოწერები მთელ საქართველოში შეგროვდება”, - განაცხადა ნანობაშვილმა. მრევლის თქმით, დღეს რიგ ქვეყნებში საზოგადოების ფართო არეალზე ამხელენ მოქალაქეზე ელექტრონული მოწმობის სხვადასხვა ხერხით იძულების ან ზეწოლის შემთხვევებს. ასეთი ფაქტები გამოვლენილია ადმინისტრაციულ სამსახურში, ჯარში, პოლიციაში, სკოლაში... ეს მნიშვნელოვანი თემა, რომელიც ადამიანის უფლებების დარღვევას და მის ელექტრონულ ზომბირებას ეხება, საქართველოშიც სათანადოდ უნდა გაშუქდეს. კონტროლის შემცველ ელექტრონულ მოწმობებზე, სახელმწიფოს ,,კონცლაგერად” გადაქცევის საშიშროების გამო, პროტესტი განაცხადეს როგორც მართლმადიდებელმა ქვეყნებმა, აგრეთვე ევროპის სხვა ქვეყნებმაც: საფრანგეთმა, ინგლისმა, გერმანიამ....
ხელმოწერები გაკეთდა შემდეგი სახის ტექსტზე:

     საქართველოს პრეზიდენტს, პარლამენტს, იუსტიციის სამინისტროს.
     ვითხოვთ ხელისუფლებისგან, შეწყდეს საქართველოს მოქალაქეებზე იძულებითი წესით (საგანგებოდ შემოღებული კანონებით) ადმინისტრაციული ძალადობა და ახალი საბუთების: ელექტრონული პირადობის მოწმობის, ბიომეტრიული პასპორტის, პლასტიკური ბარათების აღება მოხდეს მხოლოდ ნებაყოფლობით - არასავალდებულო წესით; აუცილებელია ძალაში დარჩეს ზემოაღნიშნულ ახალ საბუთებამდე მოქმედი პირადობის მოწმობებისა და პასპორტების კვლავაც გაცემა მოქალაქეებზე; სახელმწიფოში ყველგან უნდა შენარჩუნდეს ფულადი ერთეულით გადახდა, როგორც ეს მრავალ ქვეყანაშია მიღებული; ახლო მომავალში, უკრაინის მსგავსად, მორწმუნეთათვის ცალკე ფორმით შეიქმნას არსებობისთვის აუცილებელი საბუთები. დღეს ფულის გადახდის პროცესი ჩასარიცხი ავტომატების საშუალებით ისედაც გამარტივებულია... ხოლო გამარტივების საბაბით შექმნილი ასეთი ახალი საბუთები ცნობილია, რომ შეიცავს ადამიანის ქმედების გაკონტროლების ყოვლად მიუღებელ ფუნქციებს და ეწინააღმდეგება მთელ რიგ ქრისტიანულ სწავლებას - სასტიკად ლახავს ჩვენს, როგორც კონსტიტუციურ, ისე ადამიანურ უფლებებს და რელიგიურ მრწამსს. განსხვავებული აზრის გამო მოქალაქეები არ შეიძლება აღმოჩნდნენ სახელმწიფოსგან გარიყულნი. ღვთის ხატად შექმნილი ადამიანის ნებაში ჩარევა, ზომბირება და მისი კეთილი ნების წინააღმდეგ გამოყენებული ძალადობა - ბოროტებაა. მოკრძალებით ვთხოვთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქსა და წმინდა სინოდს, განიხილოს ეს მეტად საპასუხისმგებლო მოთხოვნა, გვიშუამდგომლოს და დაიცვას მორწმუნეთა უფლებები.”