მეუფე იობი - ურბნისისა და რუისის ეპარქიის მიტროპოლიტი. საქართველოს საპატრიარქოს საღმრთისმსახურო წიგნების შესწავლისა და რედაქტირების კომისიის თავმჯდომარე.

        ... "დღეს ელექტრონულ პირადობის მოწმობებს ურიგებენ ხალხს - ეს არის წინა სახე ანტიქრისტეს ბეჭდისა. მოდიან ადამიანები და მეკითხებიან - ავიღოთ თუ არა პასპორტები და პირადობის მოწმობებიო. მე ყველას ვპასუხობ, რომ არ შეიძლება მათი აღება. ისინი კი მპასუხობენ - რა ვქნათ, სამსახურიდან გაგვათავისუფლებენ, რა ვაჭამოთ შვილებს, რით შევინახოთ ოჯახიო? ზუსტად იგივე კითხვები ექნებათ მათ ანტიქრისტეს ბეჭდის მიღების დროსაც - ვინც ადვილად აიღებს ამ ელექრტონულ პასპორტს, ასევე ადვილად მიიღებს ანტიქრისტეს ბეჭედსაც".

საქართველო და მსოფლიო     ოთხშაბათი, 11 მაისი, 2011 წ.
“საქართველო და მსოფლიო” აგრძელებს ურბნისისა და რუისის მიტროპოლიტ იობთან საუბრების ციკლის გამოქვეყნებას, რომელსაც უძღვება გაზეთის “მახვილი მესიისა” მთავარი რედაქტორი შორენა სიხარულიძე.

მეუფე იობი: ჩვენი ხსნა მართლმადიდებელ ერთა ერთობაშია



- მეუფეო, ამ ბოლო ხანებში ძალიან ხშირად ბრძანებთ თქვენს ქადაგებებსა თუ პირად საუბრებში, რომ ძალიან რთულ დროში გვიწევს ცხოვრება და მომავალშიც ბევრი იქნება განსაცდელი. რას გულისხმობთ და როგორ უნდა გავუმკლავდეთ ამ განსაცდელებს?

- მართლაც, ურთულეს დროში გვიწევს ცხოვრება. იაპონიის მიწისძვრით მოგეცათ თვალნათელი მაგალითი, თუ რა მოხდა, როგორ დაინგრა მთელი ქვეყანა. ამან გამახსენა ბიბლიიდან ეზდრა მესამე, რომელიც შესთხოვს უფალს - მაჩვენე ბოლო ჟამის ადამიანთა ცხოვრებაო, უფალი კი ეუბნება, რომ ბოლო ჟამის ადამიანები შემეწინააღმდეგებიან, გაამაყებულნი იქნებიანო. რითი ვართ გაამაყებულნი? ან იაპონელები რით იყვნენ გაამაყებულნი? ტექნოლოგიური მიღწევებით. მათ ეგონათ, რომ ეს ყველაფერია, რომ ყველაფერს მიაღწიეს და ტექნოლოგიაა მთავარი, მაგრამ დავრწმუნდით, რომ არაფერი ყოფილა არც ტექნოლოგიური მიღწევები, არც ფული, არც სიძლიერე. ათწლეულებისა და საუკუნეების განმავლობაში შენდებოდა იაპონია და უცბად, ერთ დღეში დაინგრა. აი, ეს შეუძლია უფალს! მინდა გაგახსენოთ ეზდრა წინასწარმეტყველს რას პასუხობს უფალი - “გაამაყებული ხალხი ჩემი კანონებით აღარ იცხოვრებს და მათ საწინააღმდეგოდ მაქვს სასჯელები - მიწისძვრით, ცეცხლით, ქარიშხლებით, წყალდიდობით დავსჯიო”. და ასეც ხდება მთელ მსოფლიოში. ამიტომ ჩვენ გონს უნდა მოვეგოთ, რომ არ მივიღოთ ის სასჯელი ღვთისაგან, რაც იაპონიას და სხვა ქვეყნებს დაემართა. დროულად უნდა დავიწყოთ ღვთის მცნებებით ცხოვრება, დროულად გავხდეთ ერთგულნი საეკლესიო სწავლებისა და ვიცხოვროთ ისე, როგორც ჩვენი წინაპრები და წმინდა მამები მოგვიწოდებდნენ. თუ ასე არ მოვიქცევით, სასჯელი არც ჩვენ აგვცდება. უკვე მეცნიერულადაც მტკიცდება - თქვენ, ალბათ, თვალყურს ადევნებთ პრესით, ტელევიზიით, რომ 2012-2013 წლებში კაცობრიობა უამრავი ბუნებრივი კატაკლიზმის მომსწრე გახდება. ჩვენ იმის მომსწრეც გავხდებით, რომ ისეთი უცხო მწერები გაჩნდება, როგორიც აქამდე არ გვინახავს - რაღაც ახალი ჯიშის მწერები, რომლებიც, როგორც წმინდა მამების წინასწარმეტყველებაში წერია, ცოდვილ ადამიანებს შეესევიან, დაკბენენ და ისინი წყლულებით, ტანჯვით გარდაიცვლებიანო. იქ არ წერია, მართალ ადამიანებს შეესევიანო, იქ ცოდვილებზე წერია. თუ ჩვენ ცოდვას მოვერევით, თუ სიწმინდით ვიცხოვრებთ, პატიოსნად, ნამდვილად გვექნება ღვთის მფარველობა; მფარველად გვეყოლება ჩვენი მფარველი ანგელოზი. წმინდა მამათა ცხოვრებიდან უამრავი ხილვა შეიძლება გავიხსენოთ, როგორ დღენიადაგ ცდილობს ეშმაკი თოთოეული ჩვენთაგანის სულიერ მოკვდინებას. წმინდა მამები ამბობენ: “ნამდვილი სიკვდილი მაშინ კი არ დგება, როცა სული და ხორცი ერთმანეთს გაეყრება, ნამდვილი, ჭეშმარიტი სიკვდილი მაშინაა, როცა ადამიანი ღმერთს დასცილდება, ღმერთთან საერთო აღარაფერი ექნებაო”.

        იესო ქრისტეს მიწიერი ცხოვრებიდან შეგახსენებთ - როცა მას ერთ-ერთი მოწაფე ეუბნება, რომ მამა გარდამეცვალა და გამიშვი, რომ დავკრძალოო, უფალი იმას კი არ ეტყვის - წადი და დაკრძალეო, არამედ - აცადე “მკვდართა მკვდრის” დაფლვაო. მკვდარმა მკვდარი როგორ უნდა დაფლას? მაგრამ აქ უფალმა იგულისხმა ის ადამიანები, რომელთაც ღმერთთან კავშირი აღარ ქონდათ. ჩვენ კი ღმერთთან კავშირი გვაქვს წმინდა ზიარებით, აღსარებით, იმ საიდუმლოებებით, რაც ეკლესიაშია მოცემული. “ვინც ჩემს სისხლსა და ხორცს ღებულობს, ის ჩემთანა ჰგიესო,” - ასე ბრძანებს უფალი. ამიტომ ჩვენს ახლობლებზეც უნდა ვიზრუნოთ; ძალიან ხშირად გვახსენდება აფხაზეთი, სამაჩაბლო - დაკარგული ჩვენი მიწები, სადაც ქართველები სახლობდნენ, მაგრამ არ გვახსენდება ის დაკარგული ახლობლები, რომელნიც ეკლესიის წიაღიდან წავიდნენ, რომელნიც არ მოდიან ეკლესიაში, რომელნიც საქართველოდან არიან წასულნი და ასეთები მილიონია, ჩვენ მათთვის არ ვზრუნავთ. პირიქით, უნდა გავაძლიეროთ ლოცვები, რადგან ესაა ერთადერთი საშუალება უფალთან ურთიერთობის, რომ ღვთის მადლითა და წყალობით დაუბრუნდნენ ღვთივკურთხეულ საქართველოს, ღვთისმშობლის წილხვედრ ჩვენს მიწას, რათა დაიწყონ ჭეშმარიტი, მართლმადიდებლური ცხოვრება. არაერთგზის მითქვამს და კიდევ გავიმეორებ - მხოლოდ მართლმადიდებლობაშია ჩვენი ხსნა!

        მართლმადიდებლობა - ეს არის მართლის დიდება, სიმართლის, ჭეშმარიტების დიდება. ეს არის უდიდესი საუნჯე, ეს არის ჩვენი ცხოვრება. მართლმადიდებლობა - ეს საქართველოს ისტორიაა, ეს ის რწმენაა, რომლითაც მივეახლებით უფალს. მართლმადიდებლობა - ეს არის მიტევების, კეთილი საქმეების კეთების უნარი და საერთოდ, ჩვენი თვითმყოფადობა განსაზღვრულია მართლმადიდებლობით - ჩვენი მეობა, ჩვენი ხასიათი, ჩვენი ბუნება. დიდი წყალობაა ღვთისა, რომ ჩვენ მართლმადიდებლები ვართ და ამისათვის უნდა ვმადლობდეთ უფალს. რადგან სწორედ იგია მსოფლიოში ერთადერთი ჭეშმარიტი რელიგია; როგორც პავლე მოციქული ბრძანებს - “ერთ არს ღმერთი, ერთ არს სარწმუნოება, ერთ არს ნათლისღება”. მართლმადიდებლობაა სწორედ ის სულიერი საუნჯე, ის სულიერი საგანძური, რომელსაც უნდა მოვუფრთხილდეთ. მაგრამ ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ მართლმადიდებლობა საქმის გარეშე “მკვდარ არს”. თუ საქმით არ დავადასტურეთ, საქმით არ მოვემსახურეთ ჩვენს დედაეკლესიას, თუ წმინდა მამათა სწავლებით არ ვიცხოვრეთ, მაშინ ჩვენი მართლმადიდებლობა არაფერს ნიშნავს, რადგან მართლმადიდებლობას მაშინ აქვს ძალა, როცა მას საქმით ვამტკიცებთ.

        ...სახარებიდან მინდა გაგახსენოთ ის ეპიზოდი, სადაც მეორედ მოსვლაა აღწერილი - უფალი თავის მარჯვენითა და მარცხენით მდგომთ ერთნაირად მიმართავს. მარჯვენით მდგომნი ასრულებდნენ ღვთის მცნებებს - გაჭირვებულებს ეხმარებოდნენ, საპყრობილეში მიდიოდნენ და პატიმრებს ნახულობდნენ, საავადმყოფოში - დავრდომილებსა და ავადმყოფებს, მშიერს აჭმევდნენ, შიშველს აცმევდნენ, მწყურვალს ასმევდნენ; მაგრამ მარცხენით მდგომნი ამას არ აკეთებდნენ. უფალი მიმართავს ორივე მხარეს მდგომთ - “ის, რაც მცირედთაგანს გაუკეთეთ, მე გამიკეთეთო!”. მართლმადიდებლობა ცოცხალია მაშინ, როცა ჩვენ ქმედითად ვასრულებთ ღვთის მცნებებს. საქართველოს ისტორიაში გვყავდა ისეთი მეფეები, დედოფლები, ღირსი და ღმერთშემოსილი მამანი და დედანი, რომელთაც თავიანთი ცხოვრების წესით დაამტკიცეს, სისხლის ფასად დაიცვეს მართლმადიდებლობა. მართლმადიდებლური სამყარო განსაკუთრებულად აღნიშნავს ჩვენი რწმენის ზეიმს - დიდმარხვის პირველივე კვირას მართლმადიდებლობის ზეიმი იდღესასწაულება. დღესასწაული მერვე საუკუნის შემდეგ დაწესდა, როდესაც ათასნაირი ბრძოლა მიმდინარეობდა ჭეშმარიტი სარწმუნოების წინააღმდეგ; საბოლოო ბრძოლა იყო ხატმებრძოლობა - ხატებს შეურაცხყოფდნენ, წვავდენ, ყრიდნენ, მაგრამ, როცა მეშვიდე საეკლესიო კრებაზე გაიმარჯვა ჭეშმარიტმა სწავლებამ, რომ ხატებისთვის თაყვანი უნდა გვეცა, მაშინ დაწესდა მართლმადიდებლობის ზეიმი და მეშვიდე საეკლესიო კრება ასე დაგვირგვინდა. ჩვენ, ქართველები, მართლაც ის ერი ვართ, რომელნიც ყოველთვის ჭეშმარიტი სარწმუნოებით ვცხოვრობდით; ჩვენს წინაპრებს არასოდეს გადაუხვევია მართლმადიდებლური რწმენისგან, როცა ხატბრძოლობის მწვალებლობა თითქმის ყველა ადგილობრივ ეკლესიას შეეხო, მაშინ ჩვენ მტკიცედ და შეურყევლად ვიდექით; ამ დროს საქართველოში ჩამოდის იოანე გუთელი და სვეტიცხოველში ხდება მისი ეპისკოპოსად კურთხევა. ეს არის ღვთის დიდი ნიშანი და დასტური იმისა, რომ ჩვენ ვართ ერთგულნი ჭეშმარიტი სარწმუნოებისა, აქამდე ამან გადაარჩინა საქართველო და მომავალშიც მართლმადიდებლობა გადაარჩენს. ...უკვე მკაფიოდ და გამოკვეთილად უნდა ვთქვათ, რომ მთელი მსოფლიო ორ ნაწილად არის გაყოფილი - ერთი ნაწილი არის ჭეშმარიტი მართლმადიდებელი სამყარო მართლმადიდებლური ქვეყნების სახით და მეორე - ეს არის წარმართულ-მწვალებლურ-სატანისტური სამყარო, სადაც, მართლმადიდებელთა გარდა, თითქმის ყველაა გაერთიანებული, სამყარო, რომელიც ეშმაკსაა დამონებული - ადამიანები, რომლებიც ან წარმართობაში არიან, ან ერეტიკულ მწვალებლობაში, ან პირდაპირ სატანას ემსახურებიან. ბრძოლა ამ ორ სამყაროს შორის მიმდინარეობს - ისინი არიან ეშმაკის მსახურნი, ჩვენ - მართლმადიდებლები კი, ვინც ეკლესიურად ჭეშმარიტი რწმენით ვცხოვრობთ, ჭეშმარიტ ღმერთს ვემსახურებით; სხვა “მესამე” არ არსებობს. დღეს კი არის მცდელობა იმისა, რომ ხალხი დაარწმუნონ, თითქოს კათოლიკეები, პროტესტანტები, სხვადასხვა ქრისტიანული კონფესიები, მუსლიმანები და სხვ. ღმერთს ემსახურებიან. ეს ტყუილია,სიცრუეა! დღეს გამალებით ამზადებენ მსოფლიოს ანტიქრისტესთან შესახვედრად, ამ პროცესს კი მხოლოდ მართლმადიდებლები ეწინააღმდეგებიან, დანარჩენები ვერც კი მიხვდებიან, რომ ის ანტიქრისტე იქნება, რადგან ისინი მიყვებიან ცხოვრების იმ დინებას, რომელსაც მათ “ძლიერნი ამა სოფლისანი” - მასონები სთავაზობენ; მათ - მასონებს აქვთ შემუშავებული გეგმა, თუ როგორ მოიყვანონ ანტიქრისტე. თუ თვალს გადაავლებთ დღევანდელ პოლიტიკურ მდგომარეობას მსოფლიოში, ნახავთ, რომ თითქმის ყველა სახელმწიფოში ხალხი ხელისუფლების წინააღმდეგ გამოდის, ხელისუფლების შეცვლა უნდა. ეს ერთ-ერთი ნიშანია იმისა, რომ ანტიქრისტეს ასეთი საზოგადოება როგორც მეფეს, მხსნელს, მესიას ისე მიიღებს! დღეს პრესით, ტელევიზიით, მასმედიის საშუალებებით საზოგადოების გამალებული შემზადების პროცესი მიმდინარეობს ანტიქრისტესთან შესახვედრად! დიდი სიბრძნე და სიფრთხილე გვმართებს! მხოლოდ მართლმადიდებელი ერები დაინახავენ, რომ ის ანტიქრისტე იქნება. იგი ეკლესიის წინააღმდეგ გამოვა. დღეს ელექტრონულ პირადობის მოწმობებს ურიგებენ ხალხს - ეს არის წინა სახე ანტიქრისტეს ბეჭდისა. მოდიან ადამიანები და მეკითხებიან - ავიღოთ თუ არა პასპორტები და პირადობის მოწმობებიო. მე ყველას ვპასუხობ, რომ არ შეიძლება მათი აღება. ისინი კი მპასუხობენ - რა ვქნათ, სამსახურიდან გაგვათავისუფლებენ, რა ვაჭამოთ შვილებს, რით შევინახოთ ოჯახიო? ზუსტად იგივე კითხვები ექნებათ მათ ანტიქრისტეს ბეჭდის მიღების დროსაც - ვინც ადვილად აიღებს ამ ელექრტონულ პასპორტს, ასევე ადვილად მიიღებს ანტიქრისტეს ბეჭედსაც. ამიტომ, ყველაფერი იქით უნდა წარვმართოთ, რომ არ ვიყოთ სახელმწიფოზე სრულად დამოკიდებული, კერძო მეურნეობას უნდა მივყოთ ხელი, მიწა დავამუშავოთ, ვიზრუნოთ, ვიმუშაოთ და “პური ჩვენი არსობისა” ასე მოვიპოვოთ, ასე გადავირჩინოთ თავი. ხედავთ, რომ შიმშილობის პირასაა მისული მთელი მსოფლიო, ძვირდება პირველადი მოხმარების საგნები, საკვები პროდუქტები. ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ ჩვენ მეორედ მოსვლის წინა პერიოდში ვიმყოფებით. იმ ბუნებრივმა კატაკლიზმებმა, რაც მსოფლიოში ხდება, უნდა დაგვაფიქროს და კიდევ უფრო მეტი შემართებით უნდა დავდგეთ მართლმადიდებლურ სარწმუნოებაზე, რადგან მხოლოდ ის გადაგვარჩენს, ის აგვიხელს სულიერ თვალს, რათა დავინახოთ და გავარჩიოთ კეთილი ბოროტისაგან. ამის გარეშე ადვილად მივენდობით ანტიქრისტეს სწავლებას, მის შემოთავაზებებს ბუნებრივად აღვიქვამთ. ამიტომაა ჩვენმა დიდმა წინაპრებმა ფარზე (და ფარი ეს არის საფარველი), მართლმადიდებლობასთან დაკავშირებით, შემდეგი სიტყვები ამოკვეთეს “სდექით მტკიცედ და შეურყევლად!”. ჩვენ კი ეს სიტყვები უნდა ამოვიკვეთოთ ჩვენს გონებაში, ჩვენს გულში, რათა განსაცდელის ჟამს გამოგვაფხიზლოს! უნდა ვიცხოვროთ ჭეშმარიტი სარწმუნოებით! ვმადლობდეთ უფალს, რომ მართლმადიდებლები ვართ. ჩვენთვის, ქართველთათვის, სხვა იდეოლოგია, სხვა მოწოდება არ უნდა არსებობდეს. საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას ბევრი რამ მიეცა - უპირველესად, ჩვენ ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა ვართ! ჩვენ მოგვეცა მაცხოვრის კვართი - სულიერი ერთიანობის სიმბოლო, ილია წინასწარმეტყველის ხალენი, რომელიც დიდ სულიერ ძალასთანაა დაკავშირებული. ჩვენ მოგვეცა ცხოველმყოფელი ჯვრის ნაწილი, ქრისტეს სამსჭვალი, ჩვენ გვაქვს მადლის ქვა, ძალიან ბევრი წმინდანის წმინდა ნაწილები - ეს კი იმას ნიშნავს, რომ, ვისაც მეტი მიეცა, იმას მეტიც მოეთხოვება! ამიტომ გულხელდაკრეფილნი არ უნდა ვიყოთ და იმით არ უნდა ვიამაყოთ, რომ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა ვართ, ან ამდენი სიწმინდეები გვაქვს. პირიქით - უფრო მეტად უნდა გავისარჯოთ მართლმადიდებლობაში, უფლის სიყვარულში, ჭეშმარიტი სარწმუნოებით უნდა ვიცხოვროთ! სხვა გამოსავალი საქართველოს არ აქვს! მხოლოდ ეს გადაგვარჩენს, ეს გამოგვიყვანს ამ რთული მდგომარეობიდან. ის, რაც დღეს საქართველოში ხდება - უხილავი ბრძოლაა ჭეშმარიტი სარწმუნოებისა და ჭეშმარიტი სარწმუნოების მიმდევარი ერის წინააღმდეგ! ტერიტორიები ჩამოგვაჭრეს, უამრავი განსაცდელი დაგვატყდა თავს. თუ გადავავლებთ თვალს ბოლო პერიოდის მოვლენებს, ყველაზე დიდი შეტევა არის მართლმადიდებლურ ქვეყნებზე. გავიხსენოთ, სერბეთი - დაბომბეს და სერბეთის ქალაქებისთვის ნასროლ რაკეტებს აწერდნენ: “გილოცავთ აღდგომის დღესასწაულსო!” - ასე “მიულოცეს” მართლმადიდებლურ ქვეყანას უფლის აღდგომა! ან თუნდაც რუმინეთი - მართლმადიდებლური ქვეყანა დაადანაშაულეს ბოშების დევნასა და შევიწროებაში. არც მოლდოვაა დაწყნარებული! ან თუნდაც: საბერძნეთში არეულობაა, გამოსვლები, მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა. ეს არ გეგონოთ შემთხვევითი! რა ხდება რუსეთსა და საქართველოში? ეს არის მსოფლიო შეთქმულება მართლმადიდებლობისა და მართლმადიდებელი ქვეყნების წინააღმდეგ! ისიც კი მოახერხეს, რომ დააპირისპირეს მართლმადიდებელი საქართველო ერთმორწმუნე რუსეთთან! არც ესაა შემთხვევითი! აქედან გამომდინარე, ჩვენ უნდა ვილოცოთ ყოველი მართლმადიდებელი ქრისტიანისთვის, ვინც უნდა იყოს, რა ეროვნებისაც უნდა იყოს ის, უნდა ვილოცოთ მართლმადიდებელი რუსეთისთვის, რუმინეთისთვის, სერბეთისთვის, მოლდოვისთვის და ყველა მართლმადიდებელი ქრისტიანისთვის. ჩვენ, უბრალოდ, მოვალენი ვართ, ასე მოვიქცეთ, რადგან ჩვენი ხსნა მართლმადიდებელ ერთა ერთობაშია!

        ...მსოფლიოს დიდი განსაცდელები დაუდგება და კიდევ ერთხელ დავრწმუნდებით, რომ მართლმადიდებელ ერებთან მჭიდრო სულიერი და ფიზიკური კავშირი გადარჩენისთვის აუცილებელია. ვმადლობდეთ უფალს, რომ ჩვენ ცხონების საშუალება მოგვეცა ჭეშმარიტი სარწმუნოების სახით. მართლმადიდებლობა - ეს არის ხიდი საიქიოდან სასუფევლისკენ, რადგან მხოლოდ ამით შეიძლება დაიმკვიდროს ადამიანმა ცათა სასუფეველი. ... არასოდეს დაგვავიწყდეს წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის ანდერძი - “ეძიებდეთ ქრისტესთვის სიკვდილსა!” - მთელმა ჩვენმა ერმა მოიძია ქრისტესთვის სიკვდილი - ასი ათასი ქართველის, ექვსი ათასი გარეჯელი ბერისა და სხვა მოწამეთა მოწამეობა სწორედ ამ ანდერძის ასრულებაა. მსოფლიოში არ არსებობს სხვა მართლმადიდებელი ქვეყანა, რომელსაც ამდენი მოწამე და წმინდანი ყავს. ჩვენ ჯვარცმული ქვეყანა ვართ, მაგრამ არ დაგვავიწყდეს, რომ ჯვარცმას დაფლვა მოსდევს და შემდეგ აღდგომა და ამაღლება! აი, სწორედ ეს პროცესები ელოდება საქართველოს, ქართველ ერს ღვთისაგან - სწორედ საქართველოთი უნდა გამართლდეს მართლმადიდებელი სარწმუნოება, სწორედ აქ უნდა გაძლიერდეს მართლმადიდებლობა! სწორედ ამით გაბრწყინდება საქართველო და არა განათებებითა და ფიზიკური სინათლით, როგორც ზოგიერთს წარმოუდგენია! ეს პროცესი კი უკვე დაწყებულია! იმედი არ უნდა დავკარგოთ, გულხელდაკრეფილნი არ უნდა ვიყოთ და არ უნდა ველოდოთ, რომ ვიღაც გვიხსნის - თითოეულმა ჩვენთაგანმა უნდა გადაწყვიტოს საქართველოს ხსნა! საქართველოს გამთლიანება თითოეული ჩვენთაგანიდან იწყება! არ უნდა ვიყოთ დაიმედებული ვიღაცაზე, როგორც ბევრს გონია, რომ ამერიკა დაგვეხმარება, ზოგს კი რუსეთისკენ აქვს იმედი მიმართული! ჩვენი თავიდან დავიწყოთ საქართველოს გადარჩენა. თუ ჩვენ გამოვსწორდებით, თუ ჩვენ ეკლესიურად ვიცხოვრებთ, თუ უფალთან წრფელი ურთიერთობა გვექნება, მაშინ ღვთის მადლიც არ დააყოვნებს საქართველოზე. საქართველო განიწმინდება ბოროტი ძალებისაგან და გამთლიანდება. მხოლოდ სულიწმინდა გააერთიანებს საქართველოს - ეს მუდამ უნდა გვახსოვდეს! არ უნდა ვიყოთ მომხრე სხვა სარწმუნოების მიმდევართა ტაძრების თუ მეჩეთების მშენებლობისა, რადგან სადაც ისინი შენდება, ის ტერიტორია საქართველოსი აღარ არის, ჩვენ მხოლოდ ოკუპაციით კი არ ვკარგავთ ტერიტორიებს, არამედ ასეთი წარმართულ-ერეტიკული სამლოცველოების შენებითაც! ყველანი უნდა გავუფრთხილდეთ ამ ტერიტორიებს, რამეთუ ეს არის ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა და ერიცა და ბერიც ვალდებულნი ვართ, გავუფრთხილდეთ დედა ღვთისმშობლის მიწას! ჩვენ მადლიერნი უნდა ვიყოთ ჩვენი მეფეების, დედოფლების, იმ ასი ათასი ქართველი მოწამის, ექვსი ათასი გარეჯელი ბერის, საქართველოს მნათობის - ქეთევან წამებულისა და სხვა მეფე-მოწამეების, რომელთაც სისხლის ფასად დაიცვეს მართლმადიდებლობა. რომ არა ისინი, ჩვენ დღეს შეიძლება მართლმადიდებლები არც ვყოფილიყავით, ან გავმქრალიყავით როგორც ერი - ყოველთვის ეს იყო გადამწყვეტი საქართველოსთვის, ამან გადაგვარჩინა და სწორედ ამ ჭეშმარიტი სარწმუნოების წყალობით გავაგრძელებთ ცხოვრებას, სანამ ეს ქვეყანა იარსებებს! ...არც ისაა შემთხვევითი, რომ ქართველ ერს მფარველად ჰყავს წმინდა დიდმოწამე გიორგი, რომელიც ქრისტესათვის ეწამა და სისხლის ფასად დაამტკიცა ჭეშმარიტი სარწმუნოება. ჩვენი ერიც ხომ თავისი მფარველი წმინდანივითაა წამებული?! როგორც წმიდა ილია მართალმა ბრძანა - “ქრისტე ჯვარს ეცვა კაცობრიობისთვის, ხოლო ქართველი ერი ჯვარს ეცვა ქრისტესთვის!”. სწორედ ესაა ჩვენი ხვედრი, ამით მტკიცდება, რომ ჩვენ ბოლომდე დავიცავთ ჭეშმარიტ მართლმადიდებლურ სარწმუნოებას. მართლმადიდებლობა ის სარწმუნოებაა, რომელიც მადლს გვაძლევს, რომელიც გვაახლოებს უფალთან, რომელიც ამ ქვეყნიდანვე სასუფეველს გვიმკვიდრებს, როგორც მისი უწმინდესობა ხშირად ბრძანებს - სასუფეველი ცათა დედამიწიდან იწყებაო. თუ ჩვენ დავიცავთ ღვთის მცნებებს, თუ დავიცავთ მოძღვრის ლოცვა-კურთხევას და საეკლესიო წეს-განგებას, აქედანვე ნეტარებას მივიღებთ - სულიერ ნეტარებას, სულიერ სიმშვიდეს, დიდ სიყვარულს და აქედანვე გვექნება ჭეშმარიტი ბედნიერება. აი, ამაში მდგომარეობს მართლმადიდებლობა და მართლმადიდებლური სარწმუნოება! ეს გადაგვარჩენს!

ღმერთმა განგამტკიცოთ მართლმადიდებლურ რწმენაში.

ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა გაგახაროთ და გაგაძლიეროთ!

ქრისტე აღსდგა!